თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წამყვანი პროფესორები ჩაერთვებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით იმყოფება აშშ-ში, სადაც მან ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორებთან თომას ბორტფელდთან და ბენჯამინ კლასისთან შეხვედრა გამართა. ჩხენკელმა მათ განათლების სამინისტროს მეგაპროექტის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ უამბო.
ჩხენკელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტს, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება. ცენტრის მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიება 2022 წლის ივლისში გაიმართა. ცენტრში ონკოლოგიისა და პროტონოთერაპიის კვლევის პროცესს საერთაშორისო სამეცნიერო წრეები შეუერთდებიან.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჰარვარდის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები ქართველ კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტებს განახორციელებენ.
როგორც ცნობილია, კომპანია IBA-მ უკვე ააწყო ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი ადრონული თერაპიის ცენტრისთვის. ერთი განკუთვნილია კიბოს მქონე პაციენტების სამკურნალოდ, მეორე ციკლოტრონი კი მთლიანად იქნება განკუთვნილი სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო ფიზიკაში, ბირთვულ ფიზიკასა და ონკოლოგიაში.
სამშენებლო სამუშაოებს კომპანია IDOM Consulting ახორციელებს, რომელსაც მსგავსი ცენტრების მშენებლობის ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს.
სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე პროტონოთერაპიის კლინიკა დაფუძნდება. ეს იქნება ერთადერთი კლინიკა რეგიონში, სადაც ონკოლოგიურ პაციენტებს თანამედროვე მეთოდებით უმკურნალებენ. ცენტრმა პირველი პაციენტები უკვე 2024 წელს უნდა მიიღოს.
სიმსივნის ადრონული თერაპია ეს არის მეცნიერული კვლევის ერთ-ერთ უახლეს მიმართულებაზე დაფუძნებული თერაპიის მეთოდი, რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანად ანადგურებს კიბოს უჯრედებს ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად. მკურნალობაში სწორედ ეს ფაქტია გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი.