თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“: ნარსიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის 100 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისში 20 სექტემბერს „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
ნარსია იმავე დღეს დანაშაულის ადგილზე დააკავეს. ხუთშაბათს მას საქართველოს პროკურატურამ ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა.
დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდებას ითხოვდა 100 ათასი ლარის ოდენობით. მოსამართლემ კი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორის განცხადებით, ნარსიას გათავისუფლების შემთხვევაში არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

„არასოდეს გამივლია გულში, რაიმე ტერორისტული აქტი ჩამედინა. უბრალოდ ჩავიდინე დანაშაული, ოღონდ ტერორისტული აქტის განზრახვა არ მქონია“, – განაცხადა გრიგოლ ნარსიამ სასამართლოში.

გამოძიებით დადგინდა, რომ 20 სექტემბერს, 11:15 საათზე სამხედრო უნიფორმით, ნიღბით და ხელთათმანებით შემოსილი პირი, რომელიც იყო შეიარაღებული ხელყუმბარით, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით, დანით, ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ სერვის-ცენტრში შეიჭრა და იქ მყოფი მოქალაქეების შესაშინებლად იარაღი გაისროლა.
მან შენობაში მყოფ მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის მუქარით მისი მითითებების შესრულება მოსთხოვა. ბანკის ცენტრალურ კარებზე იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამაგრა, რომლის მსგავსი ნივთიც ასევე მოთავსებული ჰქონდა სხეულზე.
თავდამსხმელის ბანკში შეჭრისთანავე რამდენიმე ადამიანმა შენობის დატოვება მოახერხა, ხოლო შენობაში დარჩენილი 13 ადამიანი ბრალდებულმა მძევლად აიყვანა.
რაში სჭირდებოდა ანკესი? „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულმა ჩვენება მისცა >>
ბრალდებულმა მძევლები ძალადობის მუქარით ბანკის სერვის-ცენტრის ერთ სივრცეში შეკრიბა და მოითხოვა დაკავშირებოდნენ პოლიციას, ბანკის ხელმძღვანელობას, ასევე სოციალური ქსელის გამოყენებით ჩაერთოთ პირდაპირი ეთერი, რათა საზოგადოებას ბანკზე თავდასხმის შესახებ შეეტყო.
ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირის დამყარების შემდეგ თავდამსხმელმა მოითხოვა მისთვის გადაეცათ 2 მილიონი აშშ დოლარი, ვერტმფრენი, მიკროავტობუსი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა და ანკესი.
მოთხოვნების შეუსრულებლობის და მძევლების გამოსახსნელად სპეცოპერაციის ჩატარების შემთხვევაში ბრალდებული საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა, ნათქვამია საქმის მასალებში.
რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციის ჩართულობით ბანკის შენობიდან ხუთი მძევლის გამოყვანა მოხერხდა, ხოლო 19:36 საათზე სამართალდამცველებმა, გაწეული წინააღმდეგობის მიუხედევად, თავდამსხმელი ბანკის სერვის-ცენტრში დააკავეს, რის შემდეგაც ყველა მძევალი წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად უვნებლად გაათავისუფლეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნარსიას 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.