თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2022 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,1% შეადგინა, ხოლო წლის პირველ ნახევარში – 10,5%, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
მიმდინარე ფასებით მშპ-ის მაჩვენებელმა 2022 წლის აპრილი–ივნისში 17,9 მლრდ ლარი შეადგინა. დეფლატორმა აღნიშნულ პერიოდში შეადგინა 8,2%.
ლიდერი სფეროები ზრდის მიხედვით
მშპ-ის ზრდაში მეორე კვარტალში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შემდეგმა სფეროებმა: ელექტროენერგიამ, ტრანსპორტმა, სოფლის მეურნეობამ, განათლებამ, ასევე საბითუმო და საცალო ვაჭრობამ.
ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 2022 წლის მეორე კვარტალში, რომლებსაც ყველაზე მაღალი ზრდა აქვთ
ეკონომიკის სფერო | ზრდა, % |
ენერგო- და გაზმომარაგება | 75,9 |
ინფორმაცია და კომუნიკაცია | 27,7 |
ადმინისტრაციული საქმიანობა | 24,4 |
ტრანსპორტი და დასაწყობება | 18,6 |
სამთო-მომპოვებელი მრეწველობა | 12,6 |
ვარდნა დაფიქსირდა ჯანდაცვის (-12,7%), უძრავი ქონების (-2,7%) და მშენებლობის (-3,2) სფეროებში, გადამამუშავებელ მრეწველობაში (-1,6%).
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს ვაჭრობას, გადამამუშავებელ მრეწველობასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს, ნათქვამია „საქსტატის" მასალებში.
ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 მშპ-ის სტრუქტურაში II კვარტალში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით
ეკონომიკის სფერო | ხვედრითი წონა მშპ-ში % |
ვაჭრობა | 16,5 |
გადამამუშავებელი მრეწველობა | 10,9 |
უძრავი ქონება | 10,0 |
სოფლის, სატყეო მეურნეობა, თევზჭერა | 8,3 |
მშენებლობა | 7,6 |
რატომ იზრდება ეკონომიკა
ძირითად ფაქტორებად, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე ახდენენ გავლენას, დასახელებულია ექსპორტის გაზრდა, საზღვარგარეთიდან ფულადი გადმორიცხვების მოცულობის გაზრდა და ტურიზმის აღდგენა.
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეკონომიკაში ეს წარმატებები მთავრობის გონივრული, სწორი პოლიტიკის შედეგია და ეს დადებითი ტენდენციები კვლავაც უნდა შენარჩუნდეს.
საქართველოს მშპ-ის ზრდის პროგნოზი, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპებიდან გამომდინარე, 6%-დან 8,5%-მდე გაიზარდა. ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 10,5%-ს შეადგენს. ნომინალური მშპ-ის პროგნოზი დადგინდა 72,2 მილიარდი ლარის დონეზე, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე გათვლით 6,5 ათას დოლარს გადააჭარბებს.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 2021 წელს 10,4% შეადგინა.