მსოფლიო დღეს

ერდოღანი ევროკავშირისთვის „ანგარიშის ჩაბარებას“ არ აპირებს

Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი − Sputnik. ანკარა არ აპირებს ანგარიში წარუდგინოს ევროკავშირს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტში მონაწილეობისთვის, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკებებს ყველა ქვეყანასთან აწარმოებს, ვინაიდან თურქეთი მსოფლიოს ნაწილია.

„ევროკავშირი 52 წელია გვაკავებს, არ გვაძლევს მასთან მიახლოების საშუალებას და მერე კითხულობს: „რატომ წავიდა იქ? რატომ შეხვდა აქ?“ არ ვაპირებ ანგარიში ჩავაბარო ევროპის კავშირს. <...> ბატონ სისაც შევხვდები, ბატონ პუტინსაც და ასევე ბატონ მოდისაც“, − განაცხადა ერდოღანმა ამერიკულ ტელეარხ PBS-სთან ინტერვიუში.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში 15-16 სექტემბერს ჩატარდა. სამიტის მუშაობის მეორე დღეს რეჯეფ ერდოღანმა ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ერდოღანმა შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა და განაცხადა, რომ თურქეთი ისწრაფვის გახდეს ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი.