დეკანოიძე: ელექტრონული არჩევნები მმართველი გუნდისთვის მაშველი რგოლი არ უნდა გახდეს

როგორც ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ელექტრონული სისტემა უმრავლეს საარჩევნო უბნებში იქნება გამოყენებული.
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არ უნდა გახდეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კიდევ ერთი მაშველი რგოლი, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
„ქართულმა ოცნებამ" 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
პარლამენტში უკვე ინიცირებულია ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.

„ეს არ უნდა გადაიქცეს კიდევ ერთ მაშველ რგოლად „ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის. ეს უნდა იყოს კარგად გაწერილი ალგორითმი, რომელიც იქნება უმნიშვნელოვანესი იარაღი, მათ შორის ემიგრანტებისთვის, რათა მათი ხმა ისმოდეს საქართველოს ფარგლებს გარედან“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, ელექტრონული არჩევნები უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ემიგრანტებს საშუალებას მისცემს დარეგისტრირდნენ და ხმის მიცემა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლონ.
შესწორებები არჩევნებისთვის: პარტიულ სიებში კანდიდატების მინიმალური რაოდენობა შემცირდება>>>
საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და ყველა იმ ხარვეზის აღმოფხვრა, რომელიც OSCE/ODIHR-ის და ევროპული საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ არის გამოვლენილი, ევროკავშირის 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელთა შესრულების შემთხვევაში ქვეყანას მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. შესაბამისი რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტში გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ელექტრონული კენჭისყრა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, მოხსნის ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის გაყალბებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.