მსოფლიო დღეს

„მხარს ვუჭერ იდეას“: ბორელს რუსეთისთვის ტრიბუნალის მოწყობა სურს

Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი − Sputnik. მხარს ვუჭერ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ქმდებების გამო დამოუკიდებელი ტრიბუნალის შექმნის იდეას, განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა, რის შესახებაც Politico წერს.

„ჩვენ გვსურს, რომ რუსები პასუხისგებაში მივცეთ იმის გამო, რაც ჩაიდინეს. ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ არც რუსეთი და არც უკრაინა არ შედიან საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს შემადგენლობაში, ცუდი არ იქნებოდა, სპეციალური იურისდიქცია მოგვეძებნა“, − განაცხადა ბორელმა გაეროს გენასამბლეის კულუარებში.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციას ნიურნბერგის მსგავსი პროცესის მოწყობა სურს რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილი ქმედებების გამოსაძიებლად. დამოუკიდებელი სამხედრო ტრიბუნალის შექმნას ამ დროისათვის ათამდე ევროპული სახელმწიფო უჭერს მხარს, მათ შორის, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები.
მანამდე, მაისში ევროპარლამენტმა უკვე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის გამართვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გასულ კვირაში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სურს ვლადიმირ პუტინი საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს წინაშე წარდგეს.
ჟოზეპ ბორელის აღნიშნულ განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ რუსეთში. როგორც რუსეთის საერთაშორისო სამართლის ასოციაციის პრეზიდენტმა ანატოლი კაპუსტინმა აღნიშნა, ბორელის განცხადება მისი უფლებამოსილების ფარგლებს სცდება, ვინაიდან ევროკავშირს არ აქვს სხვა სახელმწიფოებისა და მისი მოქალქეების ქმედებების გამოძიების კომპეტენცია.