თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, თუ რა მიზნით ახსენებს ასე ხშირად აშშ-ის საელჩო თბილისში საქართველოსთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას, ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში, რომლებმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ზაფხულში დატოვეს.
ივნისში პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნება" დატოვეს, რათა თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ. აგვისტოს დასაწყისში მათ ჩამოაყალიბეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა".
„უკანასკნელი თვეების განმავლობაში ამერიკის საელჩო ხშირად გვახსენებს, რომ მისი სახელმწიფო საქართველოს გასული 30 წლის მანძილზე 6 მილიარდი დოლარით დაეხმარა. არსებობს ანდაზა, „ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო“, ანუ როდესაც რაღაცას გჩუქნიან, ამ საჩუქრის რეალური ღირებულების განხილვაში, წესით, საერთოდ არ უნდა შეხვიდე“, – ნათქვამია წერილში.
დეპუტატების თქმით, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქველმოქმედო ორგანიზაცია არაა, შესაბამისად, „არავის არაფერს ჩუქნის და სხვა ქვეყნებისთვის თანხის გამოყოფისას საკუთარი ინტერესების კარნახით მოქმედებს“.
დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, თუ რა მიზნით გამოყოფდა ამერიკის ხელისუფლება საქართველოსთვის თანხებს და რა ინტერესის საპირწონედ ახსენებენ დღეს ასე ხშირად 6 მლრდ დოლარის დახმარებას.
„მაგალითად, თუ ამ დაფინანსებას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესის საპირწონედ გვახსენებენ, ცხადია, ვერავითარი 6 მილიარდი ვერ ჩაანაცვლებს იმ ზიანს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან ომით შეიძლება მიიღოს“, – ნათქვამია წერილში.
დეპუტატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 2008 წლის ომის შედეგად საქართველომ, დაკარგულ ტერიტორიებთან და ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, რამდენიმე მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო.
„ქართული ოცნებიდან“ წასულმა ამ დეპუტატებმა არაერთხელ მოუწოდეს დეგნანს, ღიად გამიჯნოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებსა და ქართული „რადიკალური ოპოზიციის“ პროვოკაციებს, მათ მოწოდებებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ, რომელიც თავად საქართველოს დააზარალებს, მათ რევოლუციურ განწყობებსა და ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობებს.
სასურველი პასუხის ვერმიღების შემდეგ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ყოველივე ეს ბადებს აზრს, რომ „რადიკალური ოპოზიციის“ უკან ამერიკის საელჩო დგას.
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ამ დეპუტატების გამონათქვამებს უწოდა „რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიები და სიცრუე“. მისი თქმით, ვაშინგტონის წარმომადგენლები დაბნეული არიან და ვერ ხვდებიან, თუ რატომ არ ემიჯნება ამას საქართველოს მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ.
მიუხედავად ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადრე განაცხადა, რომ პოლემიკის შემდგომი გაღრმავება ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგანაც ეს კი არ გააძლიერებს, არამედ შეასუსტებს აშშ-თან ურთიერთობებს.