რიკოთის უღელტეხილზე გზის ძირითადი მონაკვეთები 2024 წელს გაიხსნება

რიკოთზე გამავალი გზა საკვანძოა - ის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე ყველა ძირითადი საგზაო მონაკვეთების მშენებლობის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
რიკოთის უბანზე საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში სულ აშენდება 51,6 კმ-მდე სიგრძის ოთხზოლიანი მაგისტრალი, რომელიც გააერთიანებს 97 ხიდსა და 51 გვირაბს. სამუშაოები პარალელურად 88 ხიდსა და 48 გვირაბზე მიმდინარეობს. მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე ოთხ უბნად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევი – 11,6 კმ, ხევი-უბისა – 12,2 კმ, უბისა-შორაპანი – 13 კმ და შორაპანი-არგვეთა – 14,7 კმ.
„მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა პროექტის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის 460 კმ-იანი მაგისტრალი 30 კმ-ით შემცირება და 430 კმ იქნება. აქედან 219 კმ უკვე გახსნილია მოძრაობისათვის, 118 კმ-ზე კი მიმდინარეობს სამუშაოები. სწორედ ეს არის ის 118 კმ, რომელიც, ფაქტობრივად, ყველა ძირითად მონაკვეთს მოიცავს. ჩვენი გეგმის მიხედვით, 2024 წლის ბოლომდე უკვე ყველა ძირითადი მონაკვეთ იქნება გახსნილი“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, პანდემიის პირობებში 70 კმ მაგისტრალური გზის გახსნა მოხერხდა და თბილისიდან ბათუმამდე ჩასვლა დღეს 5 საათის ნაცვლად უკვე 4 საათშია შესაძლებელი.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე მიმდინარე და დაგეგმილი ყველა საგზაო მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ წითელი ხიდიდან სარფამდე ჩასვლას 8 საათის ნაცვლად 4-4,5 საათი დასჭირდება, აღნიშნა ქარსელაძემ.
„შთამბეჭდავია აღმოსავლეთ-დასავლეთის ყველაზე გამომწვევი, რიკოთის მონაკვეთის პროგრესი. 97 ხიდიდან სამუშაოები მიმდინარეობს 90 ხიდზე, 51 გვირაბიდან კი - ყველაზე. 32 გვირაბი უკვე გაჭრილია და ეს პროცესი გრძელდება. რიკოთის ოთხ მონაკვეთს შორის ყველაზე კარგი პროგრესი ხევი-უბისა და უბისა-შორაპნის, ანუ ცენტრალურ მონაკვეთებზე გვაქვს, რომლის კონკრეტული ნაწილის გახსნას წელს ვგეგმავთ, ხოლო მთლიანად რიკოთის 52 კმ-იანი გზის დასრულება უკვე გაისად გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, საქართველოში დღეს რაც ხდება ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, არის უპრეცედენტო როგორც მასშტაბით, ისე შინაარსით.
მინისტრმა სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის გამოწვევები საბოლოოდ გადალახულია. პროექტის პირველი და მეოთხე მონაკვეთის დასრულება წლის ბოლოს დაიგეგმა.
„მხოლოდ პირველი მონაკვეთის გახსნა კი, შესაძლებლობას იძლევა გვქონდეს 86 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალი. შესაბამისად, არგვეთას კვანძიდან, ზესტაფონიდან მაგისტრალით უკვე ლანჩხუთში ჩავალთ. რაც შეეხება მესამე მონაკვეთს, სატენდერო პროცედურები დასრულების ეტაპზეა“, - განაცხადა მინისტრმა.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.