თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, რომელიც საეკლესიო კალენდრის მიხედვით 21 სექტემბერს აღინიშნება, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.
„ამ დღეს მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დაბრძანებული იქნება ათონის მთიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, - „მანუგეშებლის“ ასლი და აღვლენილი იქნება საზეიმო ლიტურგია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საპატრიარქოს ცნობით, ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება.
წირვას ჩაატარებს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად. წირვაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ათონის მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში დადგინდა.
ბიზანტიაში ღვთისმშობლის შობის დღე ოფიციალურ დღესასწაულად, ყველაზე მეტად გავრცელებული ვერსიით, იმპერატორ მავრიკიუსის მმართველობის პერიოდში, VI–VII საუკუნეების მიჯნაზე დადგინდა. თუმცა, პირველად იგი ნახსენებია V საუკუნის ძეგლებში.
მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღვთისმშობლის შობის დღიდან იწყება თორმეტთაგანი უძრავი საუფლო დღესასწაულების წლიური ციკლი.
წყარო - საქართველოს საპატრიარქო