შესწორებები არჩევნებისთვის: პარტიულ სიებში კანდიდატების მინიმალური რაოდენობა შემცირდება

მმართველი პარტია შესწორებებზე ოპოზიციური საპარლამენტო პარტიების „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ თხოვნით მუშაობს.
Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატების მინიმალური რაოდენობა პარტიულ სიებში 76-მდე შემცირდება (პარლამენტში სულ 150 დეპუტატია), განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ გივი მიქანაძემ.
აგრეთვე რაიონულ საკრებულოებში არჩევნების შემთხვევაში პარტიების პროპორციულ სიებში ამა თუ იმ საკრებულოს შემადგენლობის ნახევარზე ნაკლები რაოდენობა არ უნდა იყოს. დეპუტატების რაოდენობა სხვადასხვა რაიონის საკრებულოებში განსხვავებულია.
მიქანაძის თქმით, მმართველი პარტია შესაბამის შესწორებებზე ოპოზიციური საპარლამენტო პარტიების „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ თხოვნით მუშაობს.
საარჩევნო რეფორმის გატარება OSCE/ODIHR-ის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით ერთ-ერთია 12 პირობიდან, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
შესაბამისი რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტში გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
ელექტრონული არჩევნები საქართველოში შეიძლება უბნების 90%-ში ჩატარდეს - ირაკლი კობახიძე>>
პროცესს ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ისინი საარჩევნო სისტემაზე საკუთარი კანონპროექტის ინიცირებას აპირებენ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ასეთი ოპოზიციონერების მიზანია პროცესის დაზიანება, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან მუშაობა გამჭვირვალედ და კონსტრუქციულად მიმდინარეობს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლიდან არა შერეული, არამედ მხოლოდ პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით ჩატარდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს