თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ახალი სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატის შერჩევის საკითხი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საჯილდაო ქვად რჩება – „ქართული ოცნება“ პირობას დებს, რომ პროცესი გამჭვირვალე იქნება და მასში მაქსიმალურად ჩაერთვებიან დაინტერესებული მხარეები, ოპონენტები კი ხაფანგს ელოდებიან.
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება. ახალი ომბუდსმენის ასარჩევად სულ ცოტა 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, ანუ ოპოზიციის გარეშე მას ვერ აირჩევენ.
საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევა 15 სექტემბერს დაიწყო. შესაბამისი განკარგულება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გასცა. ომბუდსმენობის მსურველთა განაცხადების მიღება 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
სახალხო დამცველი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დამცველ ფართო უფლებამოსილებების მქონე დამოუკიდებელ ინსტიტუტს. აპარატის წარმომადგენლებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ციხეებსა და სხვა დახურულ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში – პანსიონატებში, კლინიკებში და ა.შ.
პროცესი დაწყებულია
პარლამენტის სპიკერმა უკვე გამართა კონსულტაციები საკონკურსო კომისიის შექმნის საკითხზე ოპოზიციურ პარტიებთან. კომისიამ უნდა შეაფასოს პრეტენდენტები და სახალხო დამცველის პოსტზე მინიმუმ შვიდი კანდიდატი შეარჩიოს. ცხრაკაციან საკონკურსო კომისიას პარლამენტის სპიკერი დაამტკიცებს.
დეპუტატმა უმრავლესობიდან გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართა და მათგან კონკრეტული წინადადებები მოისმინა. შემოვიდა წინადადება, რომ მათ წარმოადგინონ იმათი კანდიდატურები, ვინც ამ კომისიაში შევა.
ასეთი პროცედურა უზრუნველყოფს უპრეცედენტოდ მაღალ ჩართულობას, ინკლუზიურობასა და გამჭვირვალობას, განაცხადა, თავის მხრივ, დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ მიხეილ სარჯველაძემ.
„ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა, რომ კანდიდატები მათ დაასახელონ. ჩვენ ამისგან თავს შევიკავებთ და, შესაბამისად, მათი დასახელებული მინიმუმ 7 კანდიდატიდან ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ავირჩიოთ საუკეთესო სახალხო დამცველი საქართველოსთვის“, – განუცხადა სარჯველაძემ ჟურნალისტებს.
ოპოზიციის სკეფსისი
„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ არ წამოაყენებს ომბუდსმენის საკუთარ კანდიდატურას და ამის საშუალებას ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მისცემს.
ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლების რაღაც ხაფანგია: ისინი ქმნიან სურათს, თითქოს შერჩევის პროცესისგან განზე გავიდნენ, სინამდვილეში კი ფსონს ლოიალურად განწყობილ ოპოზიციონერ დეპუტატებზე დებენ.
ოპოზიციური პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი დეპუტატის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მმართველ პარტიასთან დაახლოებული ოპოზიციური საპარლამენტო ჯგუფი სახალხო დამცველის ისეთ კანდიდატურას დაასახელებს, რომელიც აწყობს „ოცნებას“ და მასთან ერთად ფორმალურად კიდევ ექვსი–შვიდი გვარი დასახელდება.
„ქართული ოცნების“ ინიციატივა, რომ საკონკურსო კომისია ვალდებულია ომბუდსმენობის მინიმუმ შვიდი კანდიდტი წამოაყენოს, პარლამენტის რეგლამენტში სექტემბრის დასაწყისში შევიდა.
რეგლამენტში შესწორებების კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ დეპუტატები პარტიებიდან: „ნაციონალური მოძრაობა“, სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“. ეს გადაწყვეტილება მათ იმით ახსნეს, რომ მათი შენიშვნები არ იყო გათვალისწინებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, უმრავლესობას თავიანთ სატელიტებთან ერთად ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს, რათა გაიყვანოს ისეთი კანდიდატი, რომელიც მათ პოლიტიკურ ინტერესებს მოემსახურება.
მიუხედავად საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულებისა, „ნაცმოძრაობა“ მაინც აპირებს ქვეყნის ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესში მონაწილეობას.
დეპუტატმა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ პაატა მანჯგალაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ახალი წესები ევროკომისიის რეკომენდაციებს არ შეესაბამება. მისი თქმით, ესაა სივრცე, სადაც „ქართული ოცნება“ თავისი კანდიდატის გაყვანას შეძლებს.
ამავე დროს, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია მხარს დაუჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატს სახალხო დამცველის პოსტზე.