თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ფარული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აბსურდული უწოდა.
ზურაბიშვილმა „წარსულის გამეორება“ უწოდა პარლამენტის მიერ ფარული თავალთვალის შესახებ კანონპროექტის მიღებას. მისი თქმით, იგი გარკვეულწილად გააფართოვებს მოსმენებს.
„პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება? აბსურდული განცხადებებია და გვიწევს კომენტარების გაკეთება. ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, რადგან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ, ბევრ გადაწყვეტილებასაც ვიღებ და ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, საქართველოში იყო გარკვეული სისტემური პრობლემა, რომელიც წარსულს ჩაბარდა.
„ჩვენ არაფერში გვჭირდება ეს სისტემური მოსმენები, რადგანაც ჩვენ საკუთარი მოქალაქეების მიმართ არ გვაქვს რეპრესიული რეჟიმი. როცა ვინმე პარალელებს ავლებს, ეს ცარიელი სპეკულაციებია. როდესაც ამას ოპოზიცია აკეთებს – გასაგებია. მაგრამ როდესაც ამას პრეზიდენტი უერთდება, გასაგებია, რომ მას ამოძრავებს იგივე დღის წესრიგი, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს“, – აღნიშნა კობახიძემ.
სახელმწიფოს მეთაურმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის მანძილზე პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და პროექტი პარლამენტს დაუბრუნა. მაგრამ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონპროექტს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოაწერა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მოსმენებთან დაკავშირებით შესული ცვლილებები ითვალისწინებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას და თვალთვალის შესახებ პოტენციური დამნაშავისთვის შეტყობინების გადავადებას. საკანონმდებლო ცვლილებები გააკრიტიკეს ოპოზიციამ, პრეზიდენტმა, ვენეციის კომისიამ, აშშ-ის საელჩომ.