კლასიკური ჭიდაობა: მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ორი მედლით დაასრულა

მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების მოპოვება მხოლოდ ლერი აბულაძემ და ნუგზარ წურწუმიამ მოახერხეს.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა ორი მედლით დაასრულა.
პირველი მედალი ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) მოიპოვა. წურწუმია ფინალში აზერბაიჯანელ სპორტსმენთან ელდანიზ აზიზლისთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ფინალამდე 25 წლის ქართველმა მოჭიდავემ ემირატების წარმომადგენელი მოსტაფა ალქადე (10:0), უზბეკი იასურბეკ ორტიკბოევი (5:2) და ყაზახი ამანგალი ბეკბოლატოვი (5:3) დაამარცხა.
ასევე ვერცხლის მედლით დაასრულა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ლერი აბულაძემ, რომელიც 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. აბულაძე ფინალში მასპინძელ მოჭიდავე სებასტიან ნადისთან დამარცხდა. მანამდე ქართველმა ფალავანმა ჩინელი ერბატუ ტუო (4:1), ყირგიზი ტინარ შარშენბეკოვი (7:2) და ირანელი ალი რეზა ნეჯატი (2:1) დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლის მოპოვებასთან ახლოს იყო ტოკიოს ოლიმპიადის პრიზიორი იაკობ ქაჯაია, რომელიც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ლიეტუველ მანტას კნიასტაუტასთან დამარცხდა (1:3).
ჭიდაობა: საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 10 სპორტსმენით გაემგზავრა>>
აღსანიშნავია, რომ გასული წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 1 ვერცხლის (ლერი აბულაძე) და 4 ბრინჯაოს მედალი ჰქონდა (ნუგზარ წურწუმია, რამაზ ზოიძე, იაკობ ქაჯაია, ლაშა გობაძე).
15-18 სექტემბერს ბელგრადში მსოფლიო ჩემპიონატი უკვე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები მოჭიდავეს ყველა წონით კატეგორიაში გამოიყვანს.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს