თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის პირით გადმოგვცა ის, რისი თქმაც თვითონ ვერ გაბედა – მოუწოდა საქართველოს, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მას სამხედრო კომპონენტით დაუპირისპირდეს, ნათქვამია იმ დეპუტატების განცხადებაში, რომლებმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება" დატოვეს.
პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნება" იმიტომ დატოვეს, რომ თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ. აგვისტოს დასაწყისში მათ ჩამოაყალიბეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა".
„ქალბატონმა ფარკასმა პრაქტიკულად საჯაროდ განაცხადა ის, რასაც გასული კვირების განმავლობაში აქტიურად ვამტკიცებდით და რის ღიად თქმასაც ამერიკის ელჩი კელი დეგნანი დღემდე ვერ ბედავს... მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ღიად მოგვიწოდებს სანქციებით რუსეთის პროვოცირებისა და რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვისკენ", – ნათქვამია განცხადებაში.
ასეთი კომენტარი გააკეთეს დეპუტატებმა „რადიო თავისუფლებისთვის" ფარკასის მიერ მიცემულ ინტერვიუზე და აღნიშნეს, რომ მაკკეინის ინსტიტუტი და ეს რადიო აშშ-ის საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდებიან, შესაბამისად, მათი თითოეული გზავნილის ოფიციალურ სტრუქტურებთან დაკავშირება შეიძლება.
დეპუტატების თქმით, ფარკასმა ღიად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ „საქართველოს დღეს ნაკლები საფრთხე ემუქრება რუსეთის შემოჭრისა და რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხრივ, ვიდრე წარსულში იყო". კითხვაზე, რა მოხდება, თუ საქართველოში მაინც გაიხსნება მეორე ფრონტი, ფარკასმა უპასუხა: „მერე რა, მერე რა, მაინც ვერ გაიმარჯვებს (რუსეთი)".
„თუმცა, რა გაიყიდება დამარცხებად და რა გამარჯვებად, 2008 წლის ომის მაგალითზე ძალიან მწარედ გვახსოვს. ქართველ ხალხს არ დაავიწყდება, როგორ დაეხმარნენ ამერიკელები სააკაშვილს ორ დღეში წაგებული ომის გამარჯვებად გამოცხადებაში და როგორ აზეიმეს ქართველ ხალხს წაგებული ომი რუსთაველის გამზირზე", – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა და ეს იმით ახსნა, რომ ამით მხოლოდ თვითონ საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.