გომელაურმა თურქეთს ბორჯომში ხანძრის ქრობისას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის ახალ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თურქეთის ახლად დანიშნულ ელჩთან ალი ქაან ორბაისთან შეხვედრაზე თურქეთის მხარეს ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში სპეციალური თვითმფრინავების ჩართვისა და ოპერატიული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას შსს-ს პრეს-სამსახური ავრცელებს.
ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყვნენ სამხედროები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
24 აგვისტოს კი თურქეთის ხელისუფლებამ საქართველოში გამოგზავნა თვითმფრინავები, რომლებიც სპეციალურად ტყის ხანძრების ქრობის დროს გამოიყენება.
თურქეთის ახალ ელჩთან გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამართალდაცვით სფეროში ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.
ვახტანგ გომელაურმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.
თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის პირველ შვიდ თვეში 1,5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15%-ია.