თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მოამზადებს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება საბიუჯეტო დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის შემცირებისკენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება. 2022 წლის ივლისში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 9,7% შეადგინა 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რეალური ზრდის შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 10,3%-ს შეადგენს.
„წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, წელს ჩვენ ვიღებთ ბიუჯეტით დაგეგმილზე 710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს. ასეთი ძლიერი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ის 40%-მდე, ნაცვლად 51%-ისა, რაც ასევე ძალიან კარგი მაჩვენებელია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ამასთან ერთად ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა მშპ-ის 4,4%-დან შემცირდება 3,2%-მდე.
„დეფიციტისა და ვალის შემცირების პარალელურად დამატებითი თანხები უნდა მივმართოთ ჩვენ, ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და, მეორე მხრივ, სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პოლიცია, ჯარი, ინფრასტრუქტურა, საწარმოების დაფინანსება, სოფლის მეურნეობა, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, სპორტი“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობას ეკონომიკის ზრდის ტენდენციის შენარჩუნების იმედი აქვს. მან დასძინა, რომ ასეთი წარმატებული შედეგების მიღწევა სწორი, გონივრული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წყალობით მოხერხდა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი შემცირების შემდეგ 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის, ასევე ფულადი გზავნილებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა.