საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა

2020 წელს ეკონომიკური ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მშპ-ის ზრდის პროგნოზი, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპებიდან გამომდინარე, 6%-დან 8,5%-მდე გაიზარდა, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიით, 2022 წელს მშპ-ის ზრდა 6%-ის დონეზე იყო დაგეგმილი, ხოლო უახლოეს წლებში – საშუალოდ 5,5%-ით.

„რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 8,5% იქნება ნაცვლად 6%-ისა; ფაქტიური მაჩვენებლების გათვალისწინებით მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი შეადგენს 10,5%-ს; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი განსაზღვრულია 72,2 მლრდ ლარით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 6,5 ათას დოლარს აჭარბებს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2022 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,7% შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10,3% შეადგინა.
პრემიერმა საქართველოში ეკონომიკურ ზრდას უპრეცედენტო უწოდა>>
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, საწარმოების ბრუნვის და ფულადი გადარიცხვების ზრდა.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,4% შეადგინა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს