თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის აგვისტოს მგზავრთნაკადის 92% აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.
კერძოდ, მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 363.830 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის 92%-ია, ხოლო 2021 წლის აგვისტოს მონაცემებთან შედარებით 48%-იანი ზრდაა.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ის აგვისტოში 103.625 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე თვის მონაცემებს 2%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 7%-ით აღემატება.
ზაფხულის სეზონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს 40-მდე ავიაკომპანია ასრულებს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში – 21 ავიაკომპანია.
TAV Georgia – თურქული TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო, ამჟამად მოქმედი კონტრაქტით თანამშრომლობა 2027 წლამდე გაგრძელდება.
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი. დღეისათვის TAV Georgia-ში დასაქმებულია 1.300 თანამშრომელი.