„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანა იგეგმება

დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევების შემცირებას, მიაჩნიათ ჯანდაცვის სამინისტროში
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. კანონპროექტი, რომელიც შუამავალი კომპანიების საქმიანობის ლეგალიზაციას და საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ მონაცემების აღრიცხვის გაუმჯობესებას ითვალისწინებს, პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
უწყების ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ „შრომითი მიგრაციის კანონში“ განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
კანონპროექტის მიზანია შრომითი მიგრაციის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმის გაუმჯობესება და არსებული გამოწვევების გადაჭრისთვის შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
„დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს ლეგალურ შრომით მიგრაციას, არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევების შემცირებას, საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), მიგრაციის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), სხვადასხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.