შეღავათები ექსპორტზე: საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა

ამიერიდან საქართველო შეღავათებს მიიღებს იმ პროდუქციაზე, რომლებზეც ექსპორტისას აქამდე შეღავათი არ ვრცელდებოდა.
Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა. ახალ შეთანხმებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეთ მუშმა მოაწერეს ხელი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სატარიფო ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატებას.
კერძოდ, საქართველო კვოტის ფარგლებში მიიღებს შეღავათებს იმ სახის პროდუქციაზე, რომლებზეც თურქეთში ექსპორტისას აქამდე შეღავათი არ ვრცელდებოდა.

„დღეს გაფორმებული გადაწყვეტილების ამოქმედების შემდგომ საქართველოდან თურქეთში ექსპორტისას კვოტის ფარგლებში ნულოვანი ტარიფით შესვლის შესაძლებლობა მიეცა ისეთ სასაქონლო პოზიციებს, როგორებიცაა: ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, საქონლის ხორცი, მწვანე ჩაი, ხილის ჩირი, კივი, ლიმონი, დაკონსერვებული პომიდორი და საკვები ინგრედიენტები“, — ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ამავე გადაწყვეტილების თანახმად, თურქეთის მხრიდან კვოტები ასევე გაიზარდა თაფლზე, ვაშლზე და ღვინოზე.
როგორც სამინისტროში განაცხადეს, გაფორმებული ხელშეკრულებები საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია.
საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2008 წლის 1 ნოემბრიდან და იმ პერიოდისთვის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების ფორმატიდან გამომდინარე გავრცელდა მხოლოდ საქონლით ვაჭრობაზე. 2016 წლიდან მიმდინარეობდა მუშაობა თურქულ მხარესთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ტარიფების ნაწილში ცვლილებების შეტანისა და შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატების საკითხებზე.