თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. პოლიციელის დაჭრის ფაქტზე 42 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებული ქვეყნის დატოვებას ცდილობდა, ის „სადახლოს“ გამშვებ პუნქტთან დააკავეს.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა პოლიციის თანამშრომელი, 32 წლის მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, იგი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
დაჭრილი ამჟამად მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
წყარო - შსს