თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ პორტუგალიის ქალაქ პორტუში გამართულ ფორუმში m&i Europe Autumn 2022 მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმიანი ტურიზმის სფეროში ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმს 500-ზე მეტი მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
ფორუმის ფარგლებში შეხვედრები შედგა 45-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან, ამ შეხვედრებზე M&I Europe Autumn 2022-ის მონაწილეებისათვის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქმიანი ტურიზმის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ფინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.