მსოფლიო დღეს

ხუთი განსხვავებული ზომა: ევროკომისია რუსული გაზის ზღვრულ ფასზე პარასკევს იმსჯელებს

Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი − Sputnik. ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებთან პარასკევს იმსჯელებს რუსული გაზის იმპორტზე საფასო ლიმიტის დაწესებისა და პიკის საათებში ელექტროენერგიის მოხმარების სავალდებულო შემცირების თაობაზე, განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ევროკომისიას ხუთი სხვადასხვა ღონისძიების წინადადება აქვს ელექტროენერგიის ბაზარზე სიტუაციის ნორმალიზებისთვის, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე ზედა ზღვრული ფასის დაწესებაა.
გარდა ამისა, ევროკომისია გეგმავს შესთავაზოს ევროკავშირს შემოსავლების ლიმიტის დაწესება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ელექტროენერგიას დაბალი დანახარჯებით აწარმოებენ და ამ დროს დიდ შემოსავალს იღებენ ბაზარზე მისი გაზრდილი ფასის გამო.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკომისიის წინადადებაა, რომ ეს „მოულოდნელი მოგება“ წევრ ქვეყნებზე გადამისამართდეს, რათა მათ ამ ფულით მოწყვლადი მომხმარებლებისა და ბიზნესის მხარდაჭერა შეძლონ.
გარდა ამისა, ევროკომისრის თქმით, უზარმაზარი მოგება ნახეს ნავთობ-გაზის კომპანიებმაც, ამიტომ ევროკომისია აპირებს, მათაც შესთავაზოს საერთო საქმეში სოლიდარობის წვლილის შეტანა.
ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრთა რიგგარეშე სხდომა 9 სექტემბერსაა დაგეგმილი.