მსოფლიო დღეს

G7 შეთანხმდა: ევროკავშირი რუსულ ენერგომატარებლებზე ზღვრულ ფასს დააწესებს

Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. დადგა დრო, რომ რუსეთიდან ევროპისთვის მილსადენით მიწოდებულ გაზზე საფასო შეზღუდვა დაწესდეს, განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში არსებული გაზის მიწისქვეშა საცავები ვადაზე ადრე შეივსო 80%-ით.

„მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უკვე დროა, რუსულ მილსადენის გაზზე ევროკავშირში ფასის ლიმიტი დაწესდეს. ამ ინიციატივას ევროკომისია აუცილებლად წამოაყენებს“, — განუცხადა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს ქალაქ მურნაუში გერმანელ დეპუტატებთან შეხვედრის დროს.

ევროკომისიის თავმჯდომარის თქმით, ეს აუცილებელია, რათა „წინააღმდეგობა გაეწიოს რუსეთის პრეზიდენტის მიერ ევროპის ენერგეტიკული ბაზრით მანიპულირების მცდელობებს“.
ევროკავშირში ამ თემაზე, სავარაუდოდ, ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე იმსჯელებენ, რომელიც 9 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.
გარდა ამისა, Financial Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, G7-ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები უკვე შეთანხმდნენ, რომ რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტს 5 დეკემბრიდან დააწესებენ, ხოლო ნავთობროდუქტებზე — 2023 წლის 5 თებერვლიდან.
რუსეთში უკვე გამოეხმაურნენ ფონ დერ ლაიენის განცხადებას. როგორც ექს-პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, თუ ევროპა რუსულ მილსადენის გაზზე ზღვრულ ფასს დააწესებს, „რუსეთი უბრალოდ გაუთიშავს ევროპას გაზს". იგივე გაიმეორა კრემლის პრეს-სპიკერმაც. დმიტრი პესკოვის თქმით, ის კომპანიები რომლებიც საფასო ზღვარს დააწესებენ, რუსულ გაზს ვეღარ მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ ევროპაში გაზის ექსპორტიდან რუსეთის შემოსავლის შეზღუდვის შესახებ მსჯელობა მარტში დაიწყო, თუმცა მაშინ, როგორც Bloomberg-ი წერს, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ იდეის მიმართ — გაზის მიწოდების შემცირების შიშით.