თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა სტამბულში, ფათიჰის რაიონში მდებარე ტანსაცმლის ატელიეს სეიფიდან 200 ათასი ლირა მოიპარეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
თურქული მედიის ცნობით, მომხდარ ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ მოპარული თანხა მათი საცხოვრებელი ბინებიდან ამოიღო.
ქურდობის ფაქტი შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. კადრებში ჩანს, თუ როგორ გააღო ჟალუზი სამმა მამაკაცმა, რომელთაც სახეები დაფარული აქვთ, შევიდნენ დაწესებულებაში, შემდეგ კი სპეციალური ხელსაწყოებით სეიფი გახსნეს და თანხა აიღეს. მათ ატელიეში შესაღწევად ჟალუზის პულტის ასლი გააკეთეს.
გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობა გასულ თვეში მოხდა. პოლიცია ატელიეში მისულმა თანამშრომელმა მას შემდეგ გამოიძახა, რაც აღმოაჩინა, რომ სეიფი გახსნილი იყო. პოლიციამ ეჭვმიტანილთა საცხოვრებელი ბინებიდან 9.175 დოლარი, 660 ევრო და 1.875 ლირა ამოიღო.