თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნები რუსეთი მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზების გაცემის სრულ აკრძალვაზე ვერ შეთანხმდნენ, ვინაიდან ამ საკითხში ერთსულოვნება არ ყოფილა, იუწყება სააგენტო Reuters უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეტერ სიიარტოს განცხადებაზე დაყრდნობით.
სიიარტო ევროპის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც პრაღაში გაიმართა 30-31 აგვისტოს.
მინისტრის თქმით, უნგრეთი ერთ-ერთი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთის მოქალაქეეებისთვის ვიზების აკრძალვას მხარს არ უჭერდა.
ამასთან, სიიარტომ აღნიშნა, რომ ევროკავშირი აპირებს გააუქმოს რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რაც, გარდა სავიზო მოსაკრებლის რაოდენობის გაზრდისა (35 ევროდან 80 ევრომდე), ასევე გულისხმობს დოკუმენტაციის გაფორმებისთვის საჭირო დროის გაზრდას. გამარტივებული რეჟიმის შესახებ მხარეთა მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაში ნათქვამია, რომ თითოეულ მხარეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მისი მოქმედება „ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით“.
მანამდე ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ ბლოკის წევრ ქვეყნებს განსხვავებული პოზიციები აქვთ სავიზო საკითხთან დაკავშირებით.
როგორც გაზეთი The Financial Times წერს, პოლონეთი, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა მზად არიან მიიღონ ზომები ეროვნულ დონეზე, რათა რუსეთის მოქალაქეებმა ნაკლებად გამოიყენონ მათი ტერიტორიები შენგენის ზონაში შესასვლელად. აღნიშნულმა ხუთმა ქვეყანამ ევროკომისიას „შესაბამისი სავიზო ზომების“ წარმოდგენა მოსთხოვა, რომლებიც „მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის მოქალაქეების ნაკადს ევროკავშირსა და შენგენის ზონაში“.
წყარო: Reuters