ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდება

წელს ერთიანი ეროვნული გამოცები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდა.
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 30 აგვისტოს 12:00 საათზე გახდება ცნობილი, აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტების განაწილების შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
უწყების ცნობით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებ-გვერდზე https://online2.naec.ge/uee-res, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
საქართველოში 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასზე მეტი აბიტურიენტი, 2,5 ათასზე მეტი სტუდენტი, 9,5 ათასზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი და 34,5 ათასი მასწავლებლობის მსურველი იყო დარეგისტრირებული.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა სამი გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სამოქალაქო განათლების საგანში გამოცდით დასრულდა.