როდის დასრულდება „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირება

დღეისათვის „საპარტნიორო ფონდი“ მართავს რამდენიმე სახელმწიფო კომპანიას, მათ შორის, საქართველოს რკინიგზას, ნავთობისა და გაზის კორპორაციას, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას
Sputnik
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირება, რომელიც მსხვილ სახელმწიფო კომპანიებს მართავს, დასასრულს უახლოვდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
„საპარტნიორო ფონდი“ არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, დაფუძნებული 2011 წელს. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება საქართველოში საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით ინვესტირების წახალისებაა.
„საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციაზე მუშაობა, ფაქტობრივად, დასრულებულია. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია მოსახლეობას შემოდგომაზე მიეწოდება. შესაბამისი ცვლილებები შევა საპარტნიორო ფონდის კანონში“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავითაშვილმა.
„საპარტნიორო ფონდის“ სტრუქტურის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღო. სახელმწიფო გავა „საპატრნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოდან და ის დაკომპლექტდება დამოუკიდებელი პირებით, რაც ფონდს მეტ მოქნილობას მისცემს იმისათვის, რათა განავითაროს ეკონომიკის ის დარგები და მიმართულებები, რომლებიც დღეისათვის ნაკლებად ინვესტიციებს იზიდავს ან საერთოდ არ ფინანსდება.
როგორც ფონდში ადრე განაცხადეს, იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ქვეყანაშია, ფონდისთვის პრიორიტეტული ექსპორტზე ორიენტირებული და მაღალტექნოლოგიური საწარმოების დაფინანსება უნდა გახდეს, რომელთა დაფინანსების წყაროებს ფონდი თავად მოიზიდავს.
„საპარტნიორო ფონდის“ ბაზაზე „საქართველოს განვითარების ფონდი“ შეიქმნება >>
„საპარტნიორო ფონდის“, როგორც უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტის რეფორმირება ეფექტიანი საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად ფონდის საქმიანობის შესახებ კანონში მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს.
დღეისათვის ფონდის მიზანია თანამშრომლობის განვითარება საჯარო და კერძო სექტორებს შორის საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
„საპარტნიორო ფონდს“ რეფორმირება ელოდება >>
ფონდი ფუნქციონირებს ოთხ სექტორში – ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და უძრავი ქონების. ფონდის ფინანსური მონაწილეობა შემოიფარგლება პროექტის მთლიანი კაპიტალის 49%-ით და პროექტის ჯამური ღირებულების 25%-ით. დანარჩენი კაპიტალი სტრატეგიული ინვესტორის მიერ იფარება.
დღეისათვის „საპარტნიორო ფონდი“ მართავს რამდენიმე სახელმწიფო კომპანიას, მათ შორის, საქართველოს რკინიგზას, ნავთობისა და გაზის კორპორაციას, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას.