თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში სასტუმროს მომსახურებით იყო დაკავებული 1.726 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 1.776 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას, რაც 68,5%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
სააგენტოს ინფორმაციით, დაწესებულებების 99,3% კერძო, ხოლო 0,7% - სახელმწიფოს საკუთრებაში იყო.
2021 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 2,725.5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 49,2%-ით მეტია 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. აქედან 65,4 ათასი კვადრატული მეტრი იჯარით იყო გაცემული.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 1.328 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 59,3%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
2021 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 87.8 ათასი შეადგინა, რაც 51,7 პროცენტით მეტია 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა გაიზარდა 60,2%-ით და 43,1 ათასი შეადგინა.
2021 წელს საქართველოს სასტუმროები 3 მილიონზე მეტ სტუმარს მოემსახურა, რაც 127%-ით მეტია 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 43,5%-ს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან 10,4% რუსეთის ფედერაციაზე მოდის, 9,5% - უკრაინაზე, ხოლო 9,5% - არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე. ევროკავშირის ქვეყნების წილი უცხოელი სტუმრების 10,1%-ს შეადგენს, რომელთა შორის 34,6%-ს გერმანიის, ხოლო 33%-ს - პოლონეთის მოქალაქეები წარმოადგენენ.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 18.283 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (56,6%) ქალები წარმოადგენდნენ.
წყარო - „საქსტატი“