თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. რაჭაში, ამბროლაურში ფესტივალი „გემო ფესტი“ დაიწყო, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ტარდება.
პროექტის მიზანი რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრო-ტურიზმის განვითარებაა.
„ჩვენი მრავალფეროვანი გასტრონომია, რომლითაც ასე ვამაყობთ, აუცილებლად უნდა ვაქციოთ ჩვენს უპირატესობად და ერთ-ერთ კონკურენტუნარიან ტურისტულ პროდუქტად. „გემო ფესტი“ ჩვენი ახალი პროექტია. ეს ფესტივალი წელს პირველად რაჭაში ტარდება, თუმცა ის ყოველწლიურად გაიმართება მთელი საქართველოს მასშტაბით“, – თქვა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს საშუალება აქვთ გასინჯონ რაჭული, ლეჩხუმური და სვანური კერძები. ფესტივალზე წარმოდგენილია ადგილობრივი ღვინო, სამეწარმეო ბაზარი, მუსიკალური და გასართობი სივრცეები.
ფესტივალის მონაწილეების მოძიებასა და მომზადებაში ჩართული არიან სოფლის განვითარების სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია და გასტრონომიული ასოციაციები.
ფესტივალი ამბროლაურში კოსტავას ქუჩაზე მდებარე პარკში დღეს და ხვალ გაიმართება.