საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა - ექსპერტი მიზეზებზე საუბრობს

ქვეყანას აქვს საშუალება, მიმდინარე წელს ელექტროენერგიით ვაჭრობა დადებითი სალდოთი დაასრულოს, მიიჩნევს ექსპერტი.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტმა რეკორდულ დონეს მიაღწია – 2022 წლის შვიდ თვეში გაყიდვები 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 337,3%-ით გაიზარდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
სტატისტიკის მიხედვით, იანვარი–ივლისში ქვეყანამ ექსპორტზე 65,8 მლნ აშშ დოლარის ელექტროენერგია გაიტანა. გასულ წელს ქვეყანამ ელექტროენერგიის ექსპორტზე 14,8 მილიონი გამოიმუშავა.
ყველაზე დიდი მოცულობის ელექტროენერგია თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გავიდა.
დავით ნარმანია: საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებული არაა >>
ენერგეტიკოსი გია არაბიძის განცხადებით, წელს ქვეყანას აქვს საშუალება, ელექტროენერგიით წლიური ვაჭრობა დადებითი სალდოთი დახუროს. მისი თქმით, ვითარება ძალიან განსხვავდება წინა წლებისგან.
თურქეთში ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნაა იმის გამო, რომ მეზობელი ქვეყნის ეკონომიკა COVID-19-ის პანდემიის შემდეგ სწრაფად იზრდება. ამიტომაც საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს მაღალ ფასში ახორციელებს.

„ჩვენი გენერაციის ზრდა წელს კარგმა ჰიდროლოგიამ განაპირობა. ჰიდროელექტროსადგურებმა საკმაოდ სერიოზული რაოდენობის ელექტროენერგია გამოიმუშავეს. ამასთან, ჩვენ ივნისი–ივლისში და აგვისტოში არასდროს არ გვქონია თბოელექტროსადგურები ჩართული, დღეს კი ორი ბლოკი მუშაობს“, – განაცხადა არაბიძემ „პირველი არხის“ ეთერში.

ექსპერტმა თბოსადგურების მუშაობა იმით ახსნა, რომ თურქეთის ბაზარზე არსებული ფასის გათვალისწინებით და ელექტროენერგიის გაზრდილი ღირებულების გამო მომგებიანია გაზის შესყიდვა, ამ გაზით ელექტროენერგიის გამომუშავება და შემდეგ ამ ელექტროენერგიის გაყიდვა.
„ენერგიის ტარიფი იმდენად მაღალია, რომ ფარავს როგორც იმპორტირებული გაზის საფასურს და წარმოების ხარჯებს, ასევე რჩება მოგებაც“, – განმარტა ექსპერტმა.
მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ფასები შემცირდეს იმ დროისათვის, როდესაც საქართველოს თავად მოუწევს ელექტროენერგიის შეძენა.
საქართველოში ენერგობირჟის გახსნა შესაძლოა მეოთხედ გადაიდოს >>
„ძალიან კარგი 6-7 თვე გავიარეთ, მაგრამ ასე ვერ გაგრძელდება, რადგან გენერაცია ეტაპობრივად სექტემბრიდან შემცირდება. კარგი იქნება, თუ როდესაც უკვე ელექტროენერგიის შეძენას დავიწყებთ, წელს დადებითი სალდოთი დავხურავთ“, – განაცხადა გია არაბიძემ.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, ხელისუფლება ადგილობრივი განახლებადი რესურსების მაქსიმალურ გამოყენებას ცდილობს.
საქართველოს პროკურატურის ენერგოეფექტურობა გაიზარდა >>
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წლის იანვარი–ივნისში საქართველომ 7,6 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 7,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საკუთარი გამომუშავება კი 7,1 მილიარდი კვტ/სთ იყო.
წლის დასაწყისიდან ქვეყანამ განახორციელა ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან (907,2 მლნ კვტ/სთ), სომხეთიდან (138,4 მლნ კვტ/სთ) და აზერბაიჯანიდან (129,1 მლნ კვტ/სთ).