გია ვოლსკი: ოპოზიციამ სერიოზული შეცდომები დაუშვა

ოპოზიცია უპირატესობის მოპოვებას რევოლუციური გზით შეეცადა და რამდენჯერმე ეს არ გამოუვიდა, მიაჩნია პირველ ვიცე-სპიკერს.
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციურმა პარტიებმა სერიოზული შეცდომები დაუშვეს, როდესაც რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმებზე დაიწყეს საუბარი, მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ვოლსკი.
მანამდე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადებას გეგმავენ. მეტიც, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის და მისი თანამოაზრეები ბევრ რამეზე არიან წამსვლელი, „მათ შორის შენობების აღებაზეც“.

„ოპოზიციურმა პარტიებმა სერიოზული შეცდომები დაუშვეს – მათ გადაწყვიტეს, რომ უპირატესობა რევოლუციური გზით მოიპოვონ და რამდენჯერმე არ გამოუვიდათ... საკუთარი თავი ჩიხურ მდგომარეობაში ჩაიყენეს“, – განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები უკან არ იხევენ და არც საზოგადოებას და არც ქვეყნის უსაფრთხოებას არ ითვალისწინებენ.
„რევოლუციურ სცენარს ვერ თმობენ, დაანონსებული იყო ცხელი გაზაფხული და შემოდგომა, ალბათ იქნება ზამთარიც, მაგრამ ეს არის ის, რაც ქვეყანას არ სჭირდება. არათუ არ სჭირდება, არამედ ჩვენთვის სტაბილურობა და უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ადამიანები კი იმას უპირისპირდებიან, რაც ქვეყანას სჭირდება – მშვიდობას და სტაბილურობას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა >>
შემოდგომაზე აქციების გამართვის შესახებ ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ განაცხადეს.
ოპოზიცია უკმაყოფილოა ხელისუფლების მუშაობით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად პირობების შესრულებაზე და აქციების მიზეზად სწორად ამას ასახელებს.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.