თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. ბათუმის ბულვარს, ქალაქის მთავარ სავიზიტო ბარათს პირველად აქვს დაცვისა და განაშენიანების გეგმა, დაწერა სოციალურ ქსელში აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმის საკრებულომ აჭარის მთავრობის, რეგიონის ეკონომიკის სამინისტროსა და ბულვარის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ბულვარის განაშენიანებისა და კონსერვაციის გეგმა ივნისის ბოლოს დაამტკიცა.
„ბათუმის ბულვარს პირველად ისტორიის მანძილზე აქვს დაცვისა და განაშენიანების გეგმა, რომელიც მისი ლანდშაფტური, არქიტექტურული და კულტურული ღირებულებების შენარჩუნების და განვითარების გარანტიაა“, – დაწერა რიჟვაძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განაშენიანების გეგმა მოაწესრიგებს ბულვარში არსებულ გამოწვევებს და მომავალში ვერავინ შეძლებს უხეშ ჩარევას ბულვარის განვითარებაში.
ბათუმის ბულვარს საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. მისი მშენებლობა 1881 წლიდან დაიწყო. 1987 წლიდან ბულვარი საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და ამასთანავე სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს. მას ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ბულვარის სიგრძე 7 კილომეტრია. არსებული მონაცემებით, ეს შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე გრძელი ბულვარია.