სროლა ფსიქიატრიულში: დაჭრილი პატიმრის დედა ისრაელში შვილის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს

გადაუდებელი ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ დაჭრილი პატიმარი მძიმე მდგომარეობაშია, ოჯახი პენიტენციურ სამსახურს მიმართავს და ისრაელში მის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
საგამოძიებო სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 20 აგვისტოს დილით ბრალდებული პატიმარი უკნიდან მიეპარა ბადრაგის თანამშრომელს, ამოაცალა მას ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ ერთი გასროლა განახორციელა, შემდეგ თანამშრომლების მისამართით განახორციელა მეორე გასროლა (გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა). ამის შემდეგ იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება.
ტელეარხის ინფორმაციით, გადაუდებელი ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 28 წლის მამაკაცი კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.
პატიმრის დაჭრა: სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო >>
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმის გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ინციდენტის ადგილიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერები და კვლევისთვის საჭირო ნიმუშები.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული მუხლი 2-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
წყარო - ტელეკომპანია „იმედი“.