რაჭაში აღმოჩენილი ხელყუმბარები გაანადგურეს

ხელყუმბარები ლითონის სვეტებზე აღმოაჩინეს
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა ონის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი საბრძოლო მასალა ადგილზე გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 20 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირში უკანონოდ აღმართულ ლითონის ორ ბოძზე, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალა - F-1-ის ტიპის მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა - ხელყუმბარა აღმოაჩინეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
გამოძიების პროცესში, გამნაღმველების მონაწილეობით ამოიღეს F-1-ის ტიპის მსგავსი, „სტრაიკ ბოლის" სასწავლო-ხმოვანი, პლასტიკური კორპუსის მქონე ხელყუმბარები, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით გამნაღმველებმა ადგილზევე გაანადგურეს.
საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).
წყარო - შსს