ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

20 აგვისტოს თურქეთში სამი მძიმე ავარია მოხდა, სამივე ბევრი მსხვერპლით დასრულდა.
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მძიმე ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
გუშინ ქალაქ გაზიანთებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. ტარსუსი-ადანა-გაზიანთეფის ავტომაგისტრალის ნიზიფის მონაკვეთზე სამგზავრო ავტობუსი სასწრაფო დახმარების, სახანძრო და საინფორმაციო სააგენტო „იხლასის“ პირდაპირი მაუწყებლობის გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა.
„დიდად დამამწუხრა გაზიანთეფის გზატკეცილზე მომხდარი ტრაგიკული ავარიის შესახებ ამბავმა. ყველაზე გულწრფელ მწუხარებას ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებს და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ რთულ დროს საქართველო დგას თურქი ძმების და დების გვერდით”, – დაწერა ღარიბაშვილმა Twitter-ში.
20 აგვისტოს თურქეთში სამი მძიმე ავარია მოხდა, სამივე ბევრი მსხვერპლით დასრულდა.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მარდინის პროვინციის ქალაქ დერიკში სატვირთო ავტომობილს მუხრუჭმა უმტყუნა და ის ხალხის მასაში შეიჭრა, დაიღუპა 19 ადამიანი. 26 დაშავებულიდან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. ავარიის საზარელი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
გარდა ამისა, ავარია რიზეშიც მოხდა, სადაც დაშავდა სულ მცირე 25 ტურისტი, რომლებიც ტრაბზონიდან სტამბულში მიემგზავრებოდნენ.