თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ბოლო თვეებში, მატების შემდეგ, მსოფლიოში შეინიშნება COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების სტაბილიზაცია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
ცერცვაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის კლება შეინიშნება საქართველოშიც.
„მაგალითად, ბოლო კვირაში ქვეყანაში დაფიქსირდა 12.338 ახალი შემთხვევა მაშინ, როდესაც წინა კვირაში ახალი შემთხვევების რაოდენობა იყო 12.729. ეს კარგია, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში უკვე მეხუთე თვეა მინიმალურ ნიშნულზე ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას“, - წერს ცერცვაძე.
ამასთან, ცერცვაძემ ისაუბრა „ომიკრონის“ შტამით გამოწვეულ სიმპტომებზე და აღნიშნა, რომ პირველ დღეებში ის პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან.
„აუცილებელი და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უკლებლივ ყველამ ჩავიტაროთ COVID-19-ზე ტესტირება, რაც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომია. ხოლო, COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ექსპერტები კორონავირუსის შემთხვევების ახალ პიკს სხვადასხვა დროს პროგნოზირებენ. მაგალითად, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის აზრით, პიკი შეიძლება უახლოეს დღეებში დაიწყოს.
ზოგიერთი სპეციალისტი კი ვარაუდობს, რომ ინფექციის სერიოზული აფეთქება 2022 წლის ოქტომბერშია მოსალოდნელი.
ბოლო კვირების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში 500-600 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ბოლო კვირაში კი 12.338 შემთხვევა გამოვლინდა. თუმცა, წინა კვირებთან შედარებით შემთხვევების რაოდენობის ზრდის ტემპი მაღალი არ არის.
მიუხედავად კოვიდ-შემთხვევების გაზრდისა, კლინიკების დატვირთვა არ გაზრდილა, რადგან „ომიკრონის“ ქვეტიპები (В.А.4-ს და В.А.5 – სწორედ ეს ქვეტიპები აღინიშნება ინფიცირებულ ყოველ მეორე ადამიანში) საკმაოდ მსუბუქად ვითარდება და ადამიანებს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებათ.