საოჯახო ტიპის სახლების აღზრდილები თბილისის მერიისგან დროებით საცხოვრებელს მიიღებენ

პროგრამის თითოეულ მონაწილეზე მერია ყოველთვიურად 500 ლარს გამოყოფს.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საოჯახო ტიპის სახლების ახლა 18–21 წლის ასაკის ყოფილი აღსაზრდელები თბილისის მერიისგან, ქალაქის მთავრობის პროგრამის მიხედვით, დროებით საცხოვრებელს მიიღებენ. პროგრამა 1 სექტემბერს ამოქმედდება.
ახალგაზრდებს უზრუნველყოფენ დროებითი საცხოვრებლით, რომელშიც იქნება ადგილი ძილისა და სწავლისთვის, სველი წერტილი, საბაზო ავეჯი და საყოფაცხოვრებო საგნები.
გარდა ამისა, მათ დაეხმარებიან განავითარონ პროფესიული და კომუნიკაციური უნარები, აღმოუჩენენ ფსიქოსოციალურ დახმარებას.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ რეგიონულ საბჭოს უნდა მიმართონ, საჭიროა პირადობის მოწმობის წარდგენა და თანხმობა შეთავაზებულ მომსახურებაზე.
პროგრამის თითოეული მონაწილისთვის მერია ყოველთვიურად 500-ლარიან ვაუჩერს გამოყოფს. ფულს მიიღებს მომსახურე ორგანიზაცია.
თბილისში პენსიონერები აუზზე უფასოდ სიარულს შეძლებენ>>
მომსახურე ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამის კრიტერიუმებს: ჰქონდეს გამოცდილება შესაბამის მომსახურებაში, ჰყავდეს სპეციალისტების გუნდი, მათ შორის, ფსიქოლოგი და სოცმუშაკი, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოემსახუროს პროგრამის მინიმუმ ორ მონაწილეს და ჰქონდეს საცხოვრებელი, რომელშიც იქნება ერთი საძინებელი, ერთი სამზარეულო, ერთი სამუშაო ოთახი, მისაღები ოთახი და ე.წ. სველი წერტილი.
2009–2013 წლებში რეფორმის შედეგად საქართველოში სამეურვეო დაწესებულებების დიდი ნაწილი დაიხურა და ისინი ალტერნატიული ფორმით – მინდობით აღზრდითა და საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებით ჩანაცვლდა. ამ უკანასკნელში ბავშვები ოჯახურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში იზრდებიან და იღებენ ფსიქოლოგების დახმარებას.