მსოფლიო დღეს

ჩავუშოღლუ: თურქეთმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა გადაწყვიტა

Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. თურქეთმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა გადაწყვიტა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გაწყვეტილია, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება ისრაელში ელჩის დანიშვნის შესახებ. ისრაელის მხარისგან დადებითი პასუხი მოვიდა. მალე ჩვენი კანდიდატურა ბატონ პრეზიდენტს წარედგინება. ღმერთმა ქნას, ორივე მხარისთვის ყველაფერი წარმატებული გამოდგეს“, — განაცხადა ჩავუშოღლუმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა 2010 წელს, მას შემდეგ, რაც ისრაელის სპეცრაზმმა თურქეთიდან ღაზის სექტორში შესული გემი Mavi Marmara დაიპყრო. 2018 წლის მაისში ანკარამ თურქეთში ისრაელის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა იმ საპროტესტო აქციების ფონზე, რომლებიც ისრაელის დაარსებიდან 70 წლის იუბილეს და აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანას მოჰყვა ღაზის სექტორში. მაშინდელ შეტაკებებში 59 პალესტინელი დაიღუპა, 2,7 ათასზე მეტი კი დაშავდა.