რამდენ მგზავრს მოემსახურნენ თბილისისა და ბათუმის აეროპორტები წლის დასაწყისიდან

დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს 35 ავიაკომპანია ასრულებს.
Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის იანვარი–ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1.515.988 მგზავრს მოემსახურა, რაც 121,56%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.
დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს 35 ავიაკომპანია ასრულებს 38 მიმართულებით.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ის იანვარი–ივლისში 313.036 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს 35,37%-ით აღემატება. ზაფხულის სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 21 ავიაკომპანია 17 მიმართულებით დაფრინავს.
თბილისის აეროპორტის განვითარების ახალი გეგმა 20 წელზე იქნება გათვლილი>>
TAV Georgia – თურქული TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით თანამშრომლობა 2027 წლამდე გაგრძელდება.
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი. დღეისათვის TAV Georgia-ში დასაქმებულია 1.300 თანამშრომელი.