თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. აგვისტოში საქართველოში საავტომობილო საწვავის ღირებულება კლებას განაგრძობს, განაცხადა საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.
ფასების ზრდა საწვავზე საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა ნახტომისებური ზრდის შემთხვევები მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი ერთ თვეში თითქმის 12%-ით გაძვირდა, მისმა ღირებულებამ (ერთი ლიტრის) დაახლოებით 3,8 ლარი შეადგინა, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4 ლარს მიაღწია.
მთვრალაშვილის თქმით, იმის პარალელურად, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასების კლება დაიწყო და ეროვნული ვალუტა გამყარდა, საწვავის გაიაფება საქართველოშიც დაიწყო. ეს ტენდენცია გაგრძელდება და უახლოეს მომავალში საწვავი კიდევ უფრო გაიაფდება. ფასების კლება აგვისტოშიც გაგრძელდება, აღნიშნა მან.
მისი თქმით, იმპორტდამოკიდებულ საქართველოში საწვავის ღირებულება განისაზღვრება ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასებით S&P Global Platts-ის მეთოდის მიხედვით. დღეს საწვავის ფასი ყველა ქვეყანაში იკლებს.
კავშირის მონაცემებით, ბოლო დროს მსოფლიოში ნავთობის ფასი იკლებს. კერძოდ, 15 აგვისტოს მდგომარეობით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 1 ბარელის ნავთობის ფასი 95,10 დოლარამდე დაეცა (-3,05). ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე – 89,41 დოლარამდე (-2,68).
მთვრალაშვილის თქმით, ფასის კლება განსაკუთრებით შესამჩნევია არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც ბენზინის შეძენა შესაძლებელია საშუალოდ 3 ლარად. რაც შეეხება დიზელის საწვავს, ის 30-40 თეთრით გაიაფდა. ფასები ბრენდირებულ სადგურებზეც შემცირებულია როგორც ბენზინზე, ისე დიზელის საწვავზე.
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს 5 მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.
დღეისათვის 1 ლიტრი საწვავის საშუალო საცალო ფასები ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შემდეგია:
რეგულარის ტიპის ბენზინი – 3,39-3,65 ლარი, პრემიუმის ტიპის ბენზინი – 3,59-3,90 ლარი, სუპერის ტიპის ბენზინი – 4,09-4,29 ლარი, ევრო დიზელის საწვავი – 4,37-4,57 ლარი, დიზელის საწვავი – 4,10-4,50 ლარი.