თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული კონფლიქტის შემთხვევაში პლანეტაზე 360 მილიონი ადამიანი დაიღუპება, შემდგომი გლობალური შიმშილი კი კიდევ 5 მილიარდის სიკვდილს გამოიწვევს, ნათქვამია კლიმატოლოგთა საერთაშორისო ჯგუფის კვლევაში.
კვლევა რატგერის (აშშ), ბერგენის (ნორვეგია), ლუიზიანის უნივერსიტეტების (აშშ), პოტსდამის კლიმატის ცვლილების კვლევის ინსტიტუტისა (გერმანია) და სხვა მეცნიერებმა ჩაატარეს. მათი შრომა Nature Food-ზეა გამოქვეყნებული.
მეცნიერთა თქმით, ბირთვული ომის უარყოფით შედეგებს სოფლის მეურნეობისთვის, ავსტრალიის გარდა, ყველა კონტინენტი იგრძნობს.
მკვლევარებმა ორი ბირთვული კონფლიქტის — ინდოეთსა და პაკისტანს შორის და რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის შესაძლო შედეგების პროგნოზები გააკეთეს. მეცნიერებმა შექმნეს კლიმატური მოდელი, რომელიც ბირთვული კონფლიქტების კლიმატური და ეკოლოგიური შედეგების, სოფლის მეურნეობაზე გავლენის შესწავლის საშუალებას იძლევა.
მეცნიერთა დასკვნით:
ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომმა შეიძლება გამოიწვიოს ყველა ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსავლიანობის მკვეთრი ვარდნა — მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში, ასობით მილიონი ადამიანი შიმშილით დაიღუპება, ვინაიდან სურსათის წარმოება საშუალოდ 7%-ით შემცირდება. ასეთი ომი გამოიწვევს 2 მილიარდი ადამიანის სიკვდილს.
რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფლიქტმა შეიძლება გამოიწვიოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის 90%-ით შემცირება. ამას კი 5 მილიარდზე მეტი ადამიანის სიკვდილი მოჰყვება.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ კვლევა ადასტურებს აშშ-ის ექს-პრეზიდენტ რონალდ რეიგანისა და საბჭოთა კავშირის ცკ-ის გენერალური მდივნის მიხაილ გორბაჩოვის 1985 წლის განცხადებას, რომელიც მოგვიანებით ჯო ბაიდენმა და ვლადიმირ პუტინმაც გაიმეორეს. მათი თქმით, ბირთვული ომს გამარჯვებული არ ეყოლება.
წყარო: Nature Food