სომხეთის მოქალაქე საქართველოში კონტრაბანდული ოქროს შემოტანას ცდილობდა

კონტრაბანდის საერთო საბაჟო ღირებულებამ 23,8 ათასი ლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. სომხეთის მოქალაქე საქართველოში თურქეთიდან კონტრაბანდული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
არადეკლარირებული ოქროს შემოტანის მცდელობა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე აღკვეთეს.
სომხეთის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები საერთო წონით 259,25 გრამი. კონტრაბანდის საერთო საბაჟო ღირებულებამ 23,8 ათასი ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
წყარო - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.