თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. 15 აგვისტოდან ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით სამომხმარებლო სესხების გაცემის მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე შემცირდა.
ახალი რეგულაცია დაკრედიტების გაზრდილ მოთხოვნასთან დაკავშირებით დაწესდა და ეს ცვლილება ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
2019 წელს ამოქმედდა ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო პროექტი. ე.წ. პასუხისმგებლიანმა დაკრედიტებამ შეაჩერა სესხების ჭარბი ზრდიდან მომდინარე ფინანსური სტაბილურობის რისკები და ამავე დროს ხელი შეუწყო სესხების უფრო პროდუქტიულ სექტორებში გადამისამართებას.
საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ვალის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ და მხოლოდ სუფთა შემოსავლების ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, დადგენილია კრედიტზე ყოველთვიური გადასახადის ლიმიტი, კრედიტის ვადა, და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის გაცემა დოლარში.
მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს რეგულატორმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით მოქალაქეების ნაწილს 200 ათას ლარამდე ვალის აღება უცხოურ ვალუტაში – დოლარში ან ევროში შეუძლია. ამ კრედიტებისთვის ქვედა ზღვარი დადგენილი არ არის.