გამოქვეყნდა ხუთ საგანში მასწავლებელთა გამოცდების შედეგები

სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა საგნის შედეგის გამოქვეყნების დასრულებისთანავე დაიწყება.
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ისტორიაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში მასწავლებელთა გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებ-გვერდზე online.naec.ge და შესაბამის ველში პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდი ჩაწეროს.
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი ქულის ნახვის შესაძლებლობა.
წელს მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების სურვილი 34,5 ათასმა პედაგოგმა გამოთქვა.
თუ მიღებულ ქულებს არ ეთანხმებით: ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება დღეიდან დაიწყო>>
საქართველოში სასერტიფიკაციო გამოცდები მასწავლებლებისთვის 2011 წლიდან ტარდება. თავდაპირველად ის ნებაყოფლობითი იყო, 2014 წლიდან კი სავალდებულო გახდა. როდესაც გაირკვა, რომ პედაგოგების 60%-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, განათლების სამინისტრომ წესები შეცვალა: აღარ ათავისუფლებდნენ მასწავლებლებს, რომლებმაც მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, ასევე შეამცირეს კომპეტენციის მინიმალური ზღვარი.
განათლების სამინისტრომ 2018 წელს კვლავ გადაწყვიტა წესების გამკაცრება. პრაქტიკოს მასწავლებლებს გამოცდების ჩაბარების ვადა 2021 წლის ბოლომდე მიეცათ. ვინც ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი, ამ მასწავლებლებთან 2022 წლის 1 იანვრიდან დროებითი კონტრაქტები იდება და იწყება მათი ეტაპობრივი შეცვლა, ანუ მათ გაათავისუფლებენ ახალი კადრების გამოჩენის შემთხვევაში.
საქართველოს სკოლებში 62 ათასზე მეტი მასწავლებელი მუშაობს. აქედან 7 ათასზე მეტი პრაქტიკოსი პედაგოგია.