ღარიბაშვილი: 850 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცემა

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს.
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ჩვენ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საცხოვრებელი ბინები თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში მდებარეობს.

„მიმდინარეობს მუშაობა განვადებით მშენებლობის საკითხებზე მშენებელ კომპანიებთან. ძალიან მალე გამოცხადდება და დასრულდება აუქციონები და დავიწყებთ ათასობით ბინის მშენებლობას დევნილებისთვის. მანამ, სანამ ჩვენს დევნილებს დავაბრუნებთ აფხაზეთში და სამაჩაბლოში, მანამდე აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 283,2 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, 90,1 ათასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
500-ზე მეტ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართობი დაუკანონდება>>
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.