თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ვარაუდობენ, რომ ვაშლის მოსავალი დაახლოებით 130-135 ათას ტონას შეადგენს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ვაშლი, ისევე როგორც ატამი, ყურძენი და მანდარინი, ქართული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ძირითად საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს.
„წელს, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი უხვია და, დაახლოებით, 130-135 ათას ტონას შეადგენს. თუმცა, უამინდობამ და ხშირმა წვიმებმა ვაშლის ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მიმდინარე სეზონზე გადამმუშავებელი საწარმოები კონცენტრატის წარმოებისთვის დაახლოებით 50 ათასი ტონა ვაშლის ჩაბარებას გეგმავენ“, - განაცხადა შამუგიამ.
კომპანიები ვაშლის მიღებას, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყებენ.
მხარეები სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ „ვაშლის მოსავლის აღება-დაბინავება-რეალიზაციის პროცესის შეუფერხებლად უზრუნველსაყოფად, უახლოეს მომავალში, შეჯერებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული”.
საქართველოდან 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლამდე 5.308 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2021 წლის 1 აგვისტოდან დღემდე ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად – 5.282 ტონა რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში 20 ტონა ვაშლი უკრაინაში, 6 ტონა კი სომხეთში გავიდა.