რთველი-2022: ოთარ შამუგიამ ღვინის კომპანიებთან მოსავლის აღების საკითხებზე იმსჯელა

რთველის პროცესში დაცული იქნება როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების ინტერესები, აღნიშნა მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქვეყნის ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა და 2022 წლის რთველთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის საქართველოს მთავრობა ყველა საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებს. რთველის პროცესში დაცული იქნება როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების ინტერესები, აღნიშნა მინისტრმა.
„შეხვედრაზე განვიხილეთ რთველთან დაკავშირებული გამოწვევები. ჩვენი მთავარი მიზანია, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების უწყვეტობა, სტაბილური განვითარების დინამიკა შევინარჩუნოთ. მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის კუთხით სახელმწიფოს აქვს სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც, არაერთი ხელშემწყობი პროექტი ხორციელდება, როგორც ფინანსური, ისე მარკეტინგის მიმართულებით მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა შამუგიამ.
მინისტრის განცხადებით, წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, რთველის პროცესი შეუფერხებლად და წარმატებით უნდა ჩატარდეს. მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც რეგიონში არსებულმა რთულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ დარგს შეუქმნა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით, პოზიტიური შედეგების მიღწევა მოხერხდება.
მინისტრ ოთარ შამუგიას შეხვედრა ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებთან
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ აღნიშნა, მიმდინარე წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონამდე აღწევს. ყურძნის მიღება-გადამუშავებაში 300-მდე ღვინის კომპანია იქნება ჩართული.
წინა წლების მსგავსად, 2022 წლის რთველის ფარგლებში ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბი, რომელიც აგვისტოს ბოლოს თელავში გაიხსნება და 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.