თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ აგვისტოს ბოლოსთვის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები საგრძნობლად შემცირდება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საწვავზე ფასების ზრდის ბოლო ეტაპი საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა მკვეთრი ნახტომი მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი თითქმის 12%-ით გაძვირდა, ერთი ლიტრის ფასი თითქმის 3,8 ლარს აღწევს, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინი თითქმის 4 ლარი გახდა.
დავითაშვილი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები განიხილეს.
დავითაშვილის ინფორმაციით, კერძო სექტორთან ერთად განიხილება საწვავით მომარაგების იაფი წყაროების მოძიების საკითხები, რამაც შესაძლებელია უზრუნველყოს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის არსებული ფასების შემცირება.
უწყების ხელმძღვანელები მომავალშიც იმსჯელებენ იმ საკითხებზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა და რამდენად შეუძლიათ მსხვილ კომპანიებს ბევრად უფრო მისაღებ ფასად შესთავაზონ საწვავი მომხმარებლებს.