დავით ნარმანია: საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებული არაა

საკითხმა აქტუალობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე შეიძინა.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველო ელექტროენერგიას ყიდულობს როგორც რუსეთიდან, ისე აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან გამომდინარე იქიდან, კონკრეტულ პერიოდში რომელ ქვეყანას აქვს დაბალი ფასი, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი, GNERC) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში“.
მისი თქმით, 2021 წელს რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილმა საერთო მოხმარების 7% შეადგინა და ის ძირითადად აფხაზეთის მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგებას მოხმარდა.

„ხაზს ვუსვამ, რომ ის, თუ საიდან შემოაქვს ქვეყანას ელექტროენერგია კონკრეტულ თვეში, დამოკიდებულია იმაზე, რომელი ქვეყანა უფრო იაფ ფასს შესთავაზებს. ამდენად, ჩვენ რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი გაზის ნაწილში“, – განაცხადა ნარმანიამ.

საქართველო ამჟამად ამიერკავკასიის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი გაზსაცავი არ გააჩნია. საქართველოს გაზმომარაგება მხოლოდ იმპორტის ხარჯზე მიმდინარეობს. საქართველოში გაზის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია.
„90%-ზე მეტი შემოდის აზერბაიჯანიდან, ძალიან მცირე მოცულობა შემოდის რუსეთიდან, რომელიც ამ გაზსადენის წნევების რეგულირებისთვის საჭირო ტექნიკური ინსტრუმენტია ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, საქართველო სომხეთში გატარებული ბუნებრივი გაზიდან გარკვეულ სარგებელს იღებს“, – განაცხადა ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი აირის ნაწილში არ აქვს.
ენერგოუსაფრთხოება როგორც პრიორიტეტი: ვიცე-პრემიერმა საქართველოს ენერგეტიკაზე ისაუბრა>>>
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) ბოლო მონაცემებით, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 7,6 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 7,8%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აქედან თვითონ გამოიმუშავა 7,1 მლრდ კვტ/სთ.
აღნიშნულ პერიოდში ქვეყანამ რუსეთიდან განახორციელა 907,2 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი, სომხეთიდან – 138,4 მლნ კვტ/სთ-ის, აზერბაიჯანიდან – 129,1 მლნ კვტ/სთ-ის.